ტერმინოლოგიის განმარტება
ტერმინები, რომლებიც კონსულტაციაზე, გამოკვლევის დასკვნაში და ამ საიტის სტატიებში გვხვდება, მარტივი ენით ახსნილი.
ა
ავასკულური ნეკროზი (avascular necrosis): მდგომარეობა, როცა ბარძაყის თავის ნაწილი სისხლს აღარ იღებს და ძვლოვანი ქსოვილი კვდება. გვიან ეტაპზე ბარძაყის თავი ჯდება და ფორმას კარგავს. იხ. ავასკულური ნეკროზი.
ამოვარდნილობა (dislocation): მდგომარეობა, როცა პროთეზის თავი ჯამიდან გამოდის. ყველაზე ხშირად პირველ კვირებში ხდება, სანამ სახსრის ირგვლივ ქსოვილი შეხორცდება.
ანთებითი ართრიტი (inflammatory arthritis): სახსრის ანთება, რომელსაც იმუნური სისტემა იწვევს, მაგალითად რევმატოიდული ართრიტი. დილის შებოჭილობა ჩვეულებრივ ოცდაათ წუთზე მეტხანს გრძელდება. იხ. ართროზი თუ ართრიტი.
ართროზი (osteoarthritis): სახსრის ხრტილის თანდათანობითი ცვეთა, რომელსაც ძვლის ცვლილება, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა მოსდევს. მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზს კოქსართროზს უწოდებენ. იხ. მენჯ-ბარძაყის ართროზი.
ბ
ბარძაყის ამობურცული ძვალი: იხ. დიდი ციბრუტი.
ბარძაყის თავი (femoral head): ბარძაყის ძვლის ზედა, ბურთის ფორმის ნაწილი, რომელიც ტაბუხის ფოსოში ბრუნავს.
ბარძაყის ყელი (femoral neck): ბარძაყის ძვლის ვიწრო ნაწილი, რომელიც ბარძაყის თავს ძვლის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს.
ბიკინის განაკვეთი (bikini incision): წინა მიდგომის განაკვეთი, რომელიც საზარდულის ბუნებრივ ნაკეცს მიჰყვება. ჩვეულებრივ ხუთიდან ექვს სანტიმეტრამდეა. იხ. ბიკინის განაკვეთი.
ბურსა (bursa): სითხით სავსე პატარა ბალიში მყესსა და ძვალს შორის, რომელიც ხახუნს ამცირებს. მისი ანთებაა ბურსიტი.
გ
გადაცემული ტკივილი (referred pain): ტკივილი, რომელიც მისი წყაროსგან მოშორებით იგრძნობა. მენჯ-ბარძაყის სახსრის ტკივილი ხშირად მუხლში იგრძნობა. იხ. მუხლი მტკივა, პრობლემა კი მენჯ-ბარძაყის სახსარშია.
გავა-თეძოს სახსარი (sacroiliac joint): სახსარი გავის ძვალსა და მენჯის თეძოს ძვალს შორის, წელის ქვედა ნაწილში. მისი ტკივილი ზოგჯერ მენჯ-ბარძაყის სახსრის ტკივილში ერევათ.
დ
დიდი ციბრუტი (greater trochanter): ბარძაყის ძვლის გარეთა ამობურცული ნაწილი, რომელიც კანის ქვეშ ხელით ისინჯება. ის სახსრის ნაწილი არ არის: მასზე დუნდულოს კუნთების მყესები მაგრდება. იხ. ბარძაყის გარეთა მხარის ტკივილი.
დისპლაზია (hip dysplasia): მდგომარეობა, როცა ტაბუხის ფოსო ზედმეტად ზედაპირულია და ბარძაყის თავს სრულად ვერ ფარავს. ართროზის ადრეული განვითარების ხშირი მიზეზია. იხ. დისპლაზია.
დრენაჟი (drain): წვრილი მილი, რომელსაც ოპერაციის შემდეგ ჭრილობიდან სისხლი და სითხე გამოჰყავს. იხ. რატომ ვაკეთებ ოპერაციას დრენაჟის გარეშე.
ე
ენდოპროთეზი (hip prosthesis, implant): ხელოვნური სახსარი, რომელიც დაზიანებული სახსრის ზედაპირებს ცვლის. შედგება ჯამის, ჩანართის, თავის და ღეროსგან. იხ. რა არის ენდოპროთეზი.
ენდოპროთეზირება (total hip replacement): ოპერაცია, რომლის დროსაც დაზიანებული სახსარი ენდოპროთეზით იცვლება.
თ
თეძოს ძვალი (ilium): მენჯის ზედა, ფრთისებური ძვალი. ხალხში „თეძოს“ ხშირად ბარძაყის გარეთა ამობურცულ ძვალს ეძახიან, რაც ანატომიურად დიდი ციბრუტია და ბარძაყის ძვალს ეკუთვნის.
ი
იმპლანტი (implant): ორგანიზმში ჩასმული ხელოვნური ნაწილი. მენჯ-ბარძაყის სახსრის შემთხვევაში ენდოპროთეზი.
კ
კალიბრაციის მარკერი (calibration marker): ცნობილი ზომის პატარა ბურთი ან ფირფიტა, რომელიც რენტგენზე ჩანს და სურათის მასშტაბის გაანგარიშებაში ეხმარება. იხ. ციფრული დაგეგმვა.
კაფსულა (joint capsule): მკვრივი გარსი, რომელიც სახსარს გარს აკრავს და მას სტაბილურობას აძლევს.
კერამიკა (ceramic): ძალიან მაგარი და გლუვი მასალა, რომლისგანაც პროთეზის თავი და ზოგჯერ ჩანართი მზადდება. იხ. რისგან მზადდება ენდოპროთეზი.
კონსერვატიული მკურნალობა (conservative treatment): მკურნალობა ოპერაციის გარეშე: ვარჯიში, წონის კონტროლი, მედიკამენტები, ინექციები. შედეგი საშუალოდ ხუთ თვეში ფასდება. იხ. კონსერვატიული მკურნალობა.
კოქსართროზი (hip osteoarthritis): მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი. იხ. კოქსართროზის პირველი ნიშნები.
კორ-დეკომპრესია (core decompression): ოპერაცია ავასკულური ნეკროზის ადრეულ ეტაპზე, რომელიც ბარძაყის თავში წნევას ამცირებს და ძვლის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
ლ
ლატერალური მიდგომა (lateral approach): ენდოპროთეზირების მიდგომა ბარძაყის გვერდიდან. საქართველოში ყველაზე გავრცელებული მიდგომაა. განაკვეთი ჩვეულებრივ ცხრიდან ათ სანტიმეტრამდეა. იხ. წინა, უკანა და ლატერალური მიდგომა.
მ
მენჯ-ბარძაყის სახსარი (hip joint): სახსარი მენჯსა და ბარძაყის ძვალს შორის, საზარდულის სიღრმეში. ბარძაყის თავი ტაბუხის ფოსოში ბრუნავს. იხ. საზარდულის ტკივილი.
მიდგომა (surgical approach): გზა, რომლითაც ქირურგი სახსრამდე აღწევს: წინა, უკანა ან ლატერალური. იხ. წინა მიდგომა.
მყესი (tendon): მკვრივი ქსოვილი, რომელიც კუნთს ძვალზე ამაგრებს.
ო
ოსტეოპოროზი (osteoporosis): ძვლის სიმკვრივის შემცირება, რის გამოც ძვალი უფრო მყიფე ხდება. ფიქსაციის ტიპის არჩევაზე მოქმედებს.
ოსტეოფიტი (osteophyte): ძვლის წანაზარდი სახსრის კიდეზე, ართროზის ერთ-ერთი ნიშანი რენტგენზე.
ოფსეტი (offset): მანძილი მენჯის შუა ხაზსა და ბარძაყის ძვალს შორის. მასზეა დამოკიდებული გვერდითა კუნთების დაჭიმულობა და სიარულის მანერა.
პ
პოლიეთილენი (polyethylene): სპეციალურად დამუშავებული, მაღალი სიმკვრივის მასალა, რომლისგანაც პროთეზის ჩანართი ყველაზე ხშირად მზადდება.
პლაცებო (placebo): მოჩვენებითი პრეპარატი აქტიური ნივთიერების გარეშე, რომელიც კვლევებში შედარებისთვის გამოიყენება.
PRP (platelet-rich plasma): პაციენტის საკუთარი სისხლიდან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა, რომელიც სახსარში შეჰყავთ. მოკლევადიან შედეგებში ჰიალურონის მჟავას დაახლოებით უტოლდება. იხ. ინექციური თერაპია.
რ
რევიზია (revision surgery): განმეორებითი ოპერაცია, რომლის დროსაც პროთეზის ნაწილი ან მთლიანი პროთეზი იცვლება.
რეესტრი (joint registry): ბაზა, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყოველი ენდოპროთეზირება და ყოველი განმეორებითი ოპერაცია იწერება. პროთეზის ვადის შესახებ ყველაზე სანდო ინფორმაციას იძლევა. იხ. რამდენ ხანს ძლებს ენდოპროთეზი.
ს
სასახსრე ნაპრალი (joint space): რენტგენზე ორ ძვალს შორის დარჩენილი სივრცე, რომელიც ხრტილის სისქეს შეესაბამება. ჯანმრთელ მენჯ-ბარძაყის სახსარში სამიდან ხუთ მილიმეტრამდეა. იხ. ართროზის სტადიები რენტგენზე.
სასახსრე ტუჩი (labrum): ხრტილოვანი რგოლი ტაბუხის ფოსოს კიდეზე, რომელიც სახსარს ღრმავს და სტაბილურობას აძლევს.
სასწავლო მრუდი (learning curve): ოპერაციების რაოდენობა, რომლის შემდეგაც ქირურგის შედეგები ახალ მეთოდში სტაბილური ხდება. წინა მიდგომისთვის დაახლოებით ასი შემთხვევაა.
სიარულის მანერა (gait): ადამიანის სიარულის ინდივიდუალური თავისებურება. ართროზის დროს იცვლება და კოჭლობა ჩნდება.
სკაფანდრი, ქირურგიული (surgical helmet system): საკუთარი ვენტილაციის მქონე ჩაფხუტი სტერილური კაპიუშონით, რომელიც ბრიგადასა და ღია ჭრილობას შორის დამატებით ბარიერს ქმნის. იხ. ქირურგიული სკაფანდრი.
სპინალური ანესთეზია (spinal anaesthesia): ანესთეზია, რომლის დროსაც წელის არეში შეყვანილი საშუალება სხეულის ქვედა ნაწილს აყუჩებს, გონება კი შენარჩუნებულია. ორნახევრიდან ოთხ საათამდე მოქმედებს. იხ. ანესთეზია ენდოპროთეზირებისას.
სტეროიდული ინექცია (corticosteroid injection): ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის შეყვანა სახსარში. მასსა და ენდოპროთეზირებას შორის მინიმუმ სამი თვე უნდა გავიდეს.
სხეულის მასის ინდექსი (body mass index): მაჩვენებელი, რომელიც წონას სიმაღლესთან აკავშირებს. 30-ზე მაღალი ოპერაციის დაგეგმვისას გასათვალისწინებელი ფაქტორია. იხ. ჭარბი წონა და სახსარი.
ტ
ტაბუხის ფოსო (acetabulum): ფიალისებური ჩაღრმავება მენჯის ძვალში, რომელშიც ბარძაყის თავი ზის. სწორედ მის ადგილას იდგმება პროთეზის ჯამი.
უ
უკანა მიდგომა (posterior approach): ენდოპროთეზირების მიდგომა ბარძაყის უკანა მხრიდან. მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება.
უცემენტო ფიქსაცია (cementless fixation): პროთეზის დამაგრება, რომლის დროსაც ძვალი თავად ჩაიზრდება იმპლანტის ფოროვან ზედაპირში. იხ. ცემენტიანი და უცემენტო ფიქსაცია.
ფ
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (pulmonary embolism): მდგომარეობა, როცა ფეხის ვენაში წარმოქმნილი თრომბი წყდება და ფილტვში გადადის. იშვიათი, მაგრამ საშიში გართულებაა.
ფიქსაცია (fixation): გზა, რომლითაც პროთეზი ძვალზე მაგრდება: ცემენტით, უცემენტოდ ან კომბინირებულად.
ღ
ღერო (femoral stem): პროთეზის ნაწილი, რომელიც ბარძაყის ძვლის შიგნით იდგმება და კონსტრუქციას ამაგრებს.
ღრმა ვენის თრომბოზი (deep vein thrombosis): თრომბის წარმოქმნა ფეხის ღრმა ვენაში. ოპერაციის შემდეგ რისკს ადრეული ადგომა და ექიმის მიერ დანიშნული პრევენცია ამცირებს.
შ
შებოჭილობა (stiffness): სახსრის მოძრაობის სირთულე, განსაკუთრებით დილით ან ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ. ართროზის დროს ჩვეულებრივ ოცდაათ წუთში იხსნება.
ჩ
ჩანართი (liner): პროთეზის ნაწილი ჯამის შიგნით, რომელიც სრიალა ზედაპირს ქმნის და რომელზეც თავი ბრუნავს.
ც
ცემენტიანი ფიქსაცია (cemented fixation): პროთეზის დამაგრება სპეციალური ძვლოვანი ცემენტით, რომელიც მაშინვე მყარ დამაგრებას იძლევა.
ციფრული დაგეგმვა (templating): ოპერაციამდე, კომპიუტერში, რენტგენზე იმპლანტის ზომის და პოზიციის შერჩევა. იხ. ციფრული დაგეგმვა.
წ
წინა მიდგომა (direct anterior approach): ენდოპროთეზირების მიდგომა ბარძაყის წინა მხრიდან, რომლის დროსაც კუნთები არ იჭრება, არამედ განზე იწევა. იხ. წინა მიდგომა.
ხ
ხახუნის წყვილი (bearing surface): პროთეზის ორი ზედაპირი, რომლებიც ერთმანეთზე სრიალებს: თავი და ჩანართი. მათი მასალა ცვეთის სიჩქარეს განსაზღვრავს.
ხრტილი (cartilage): გლუვი, ელასტიური ქსოვილი, რომელიც სახსრის ზედაპირებს ფარავს და მოძრაობას უხახუნოდ ხდის. დაკარგული ხრტილი ორგანიზმში თავისით არ აღდგება.
ჯ
ჯამი (acetabular cup): პროთეზის ნაწილი, რომელიც ტაბუხის ფოსოში იდგმება. მის შიგნით დგება ჩანართი, რომელზეც პროთეზის თავი ბრუნავს.
ჰ
ჰიალურონის მჟავა (hyaluronic acid): ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად სასახსრე სითხეშია და ინექციით სახსარში შეჰყავთ. ეფექტი საშუალოდ შვიდიდან რვა თვემდე გრძელდება, სახსრის სტადიის მიხედვით. იხ. ინექციური თერაპია.
გამოკვლევები
რენტგენი (X-ray): გამოკვლევა, რომელიც ძვალს და სასახსრე ნაპრალს აჩვენებს. მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზის დიაგნოზის საწყისი გამოკვლევაა.
MRI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია): გამოკვლევა მაგნიტური ველით, რომელიც რბილ ქსოვილს და ძვლის ტვინს აჩვენებს. ავასკულური ნეკროზის ადრეული ეტაპი სწორედ მასზე ჩანს.
CT (კომპიუტერული ტომოგრაფია): გამოკვლევა, რომელიც ძვლის სამგანზომილებიან ფორმას აჩვენებს. რთული ანატომიის დროს გამოიყენება.
ექოსკოპია (ultrasound): გამოკვლევა ბგერითი ტალღებით, იგივე ულტრაბგერა. მენჯ-ბარძაყის სახსარზე დამხმარე მეთოდია: აჩვენებს სითხეს, ბურსას და ზედაპირთან მდებარე მყესებს, ძვალს და ხრტილს კი ვერა. ხშირად ინექციის კონტროლისთვისაც გამოიყენება, რადგან სახსარი სიღრმეშია და ხელით არ ისინჯება.
იხ. რენტგენი თუ MRI.
განმარტებები ახსნისთვისაა და დიაგნოზს არ ცვლის. თუ დასკვნაში სიტყვა ვერ იპოვეთ, ჰკითხეთ ექიმს კონსულტაციაზე.